სპექტრი. ადვილი არ არის, ცხოვრების მანძილზე ხალხს თავი შეაყვარო და პატივისცემა დაიმსახურო. იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, ქუჩაში მიმავალს ღიმილით რომ გესალმებიან და ზურგსუკან გაქებენ. და თქვენ, ბატონო ვალოდია, ხალხის საყოველთაო სიყვარული დაიმსახურეთ!
უკვე მრავალი წელია, რაც ვლადიმერ (ვალოდია) ასლამაზიშვილის შემოქმედებითი ცხოვრება გრძელდება. ამავე დროს ნაყოფიერ ჟურნალისტურ საქმიანობასაც ეწევა. დაჯილდოებულია “სახალხო განათლების წარჩინებულის~ სამკერდე ნიშნით და ღირსების ორდენით. 2009 წელს კი `შიო მღვიმელის~ პრემიაც მიანიჭეს. იგი ერთ-ერთი გაზეთის _ `ლიტერატურული სიღნაღის~ დამფუძნებელიცაა.
ბატონ ვალოდიას პირველი ნაწარმოები შორეულ, 1946 წელს გამოქვეყნდა. ეს იყო მოთხრობა: “დიდი საქმე.” იგი კარგად იცნობს ბავშვების ბუნებას და სულიერ სამყაროს, დაუღალავ შემოქმედებით შრომაში 16 წიგნი შექმნა. მისმა ცამეტმა მოთხრობამ დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოებსა და კლასგარეშე საკითხავ წიგნებში დაიდო ბინა, ითარგმნა უცხოურ ენებზე. ერთ-ერთი _ `თაგვი და თხილი~ გერმანულადაც დაიბეჭდა.
ვლადიმერ ასლამაზიშვილი 80 წელს გადასცილდა, მაგრამ, ამის მიუხედავად აღმართ-აღმართ მიუყვება პოეტურ ბილიკს, მისგან კიდევ ბევრ პუბლიკაციას უნდა ველოდოთ. აქვს ახალი ლექსები და ზღაპრები, რომლებიც ჯერ არ გამოქვეყნებულა. ჟურნალისტმა, მწერალმა და პოეტმა ბატონმა ვალოდიამ `სპექტრთან~ რამდენიმე კურიოზი გაიხსენა, რომელიც ქ. სიღნაღში გაზეთ `ქიზიყში~ მუშაობის დროს შეემთხვა.
“გაზეთის აწყობა დავამთავრეთ, როდესაც საღამოს ორი კაცი სოფელ ანაგიდან მოვიდა. მათ ოჯახის განცხადება მოიტანეს, კაცი დაიღუპა და გვინდა გამოვაქვეყნოთო, ბოლო გვერდის წერილი ამოვშალეთ და ეს ოჯახის განცხადება ჩავსვით. გაზეთი გამოვიდა… ორი კვირის შემდეგ ტელეფონი რეკავს და მეუბნებიან: `მე ის კაცი ვარ, რომლის სახელზეც სამძიმრის განცხადება გამოაქვეყნეთ, საიქიოდან ვრეკავო.~ თურმე ეს კაცი გამოჯანმრთელებულა…”
ბატონმა ვალოდიამ ამგვარი არაერთი კურიოზი გაიხსენა. “რედაქციაში ხშირად მოდიოდა მიხეილ ქვრივიშვილი, იგი სულ კრიტიკულ წერილებს წერდა. მეგობრობდა წნორის ყველ-კარაქის ქარხნის დირექტორთან, მიხეილ ნადირაძესთან. მას უთქვამს: სამსახურს თავი დაანებე, ჩემთან გადმოდი, კარებში დაგაყენებ და აღარავინ შემაწუხებს, კარაქს არავინ მომთხოვსო. გავიდა დრო და კრიტიკული წერილი მოიტანა, მიხეილ ნადირაძესთან დაკავშირებით. წერილის გამოქვეყნების შემდეგ მიხეილს დაურეკავს და ასე უთქვამს: `უსულგულო კაცი ხარ და ასეთი დარჩებიო.”
`სპექტრს~ ვალოდია ასლამაზიშვილთან ურთიერთობის ბედნიერება აქვს. მისი მოთხრობები იბეჭდებოდა გაზეთ `სპექტრისა~ და მის ბაზაზე არსებული ჟურნალ `სპექტრის კოქტეილის~ საბავშვო გვერდზე. ერთ-ერთი მოთხრობა კი სპეციალურად `სპექტრის~ მკითხველებისთვის დაწერა. მან აქვე გაზეთის თანამშრომლებს მოახლოებული ჟურნალისტის დღე მიულოცა. “მებრძოლი და სიმართლის მატარებელი ყოფილიყოს გაზეთი `სპექტრი.~ ერთ-ორ კვირაში ჟურნალისტთა დღე აღინიშნება. გულწრფელად ვულოცავ `სპექტრის~ ჟურნალისტებს. ვუსურვებ ჯანმრთელობას და მხნეობას,”_ ასეთ ნოტაზე დაასრულა ბატონმა ვალოდიამ საუბარი.
გაზეთი `სპექტრი~ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს ბატონ ვალოდია ასლამაზიშვილს. კიდევ მრავალი მოთხრობა დაეწეროს თავისი საყვარელი მკითხველისთვის.


















დატოვე კომენტარი